ძიება
დამატება

25 წუთი პატარა სახლის ასაწყობად – Kote.ge სერიული წარმოებისთვის ემზადება

Kote.ge ახალი ქართული სტრატაპია, რომლის მიზანია სახლის შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ფასით, ასევე ექსპლუატაციაში მოყვანის სიმარტივით. ამისათვის Kote.ge-მ შეიმუშა უნივერსალური დიზაინის მქონე კოტეჯი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. პირველი პროტოტიპი ტექნოპარკმა 5 000 ლარით უკვე დააფინანსა. 

„კომერსანტი“ კომპანიის ამჟამინდელი განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Kote.ge-ს დამფუძნებელს ლევან ტყემალაძეს ესაუბრა. როგორც ტყემალაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებას ელოდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბიზნესის განვითარებაში დამფუძნებელს მეგობარი გიორგი ესვანჯია ეხმარება. ლევან ტყემალაძის თქმით, Kote.ge-ს პირველი ნახაზი თითქმის სამი წლის წინ შეიქმნა და სწორედ ამ დროს დაიწყო კომპანიამ ჩამოყალიბება.

 width=774

-ლევან, გვიამბეთ kote.ge-ს შესახებ, რას და როგორი ფორმით სთავაზობთ მომხმარებელს?  

-Kote.ge – ქართული სტარტაპია და მისი მიზანია, რომ სახლის შეძენა გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი – როგორც ფასით, ასევე ექსპლუატაციაში მოყვანის სიმარტივით. ამისათვის ჩვენ შევიმუშავეთ ყველაზე უნივერსალური დიზაინის მქონე კოტეჯი, რომლის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით – ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

კოტეჯი 7 ნაწილისგან შედგება და მის აწყობას 25 წუთამდე სჭირდება, გარდა ამისა, შესაძლებელია კოტეჯის მრავალჯერ დაშლა, გადატანა და სხვა ლოკაციაზე ხელახლა აწყობა, ასევე შესაძლებელია მისი აწყობილ მდგომარეობაში მისაბმელით გადაადგილება.

ჩვენი კოტეჯების მშენებლობა არ საჭიროებს არანაირ ნებართვას – გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შესაბამისი სახის რეგულაცია. ჩვენი კოტეჯის აწყობა მარტივად შესაძლებელია და ამას თავად მყიდველიც მოახერხებს.

აქ ყველა ნორმა დაცულია და ის უსაფრთხოა. ექსპლუატაციის ვადა კი 5-დან 10-წლამდეა.

width=775

-დამეთანხმებით, რომ ბიზნესის განვითარება საწყის ეტაპზე მარტივი პროცესი არაა, როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის მომავალს ამ კუთხით?

-ზოგადად ბიზნესი სარისკოა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობ. თუ ამ სფეროში გარკვეული ცოდნა გაქვს, მაშინ იმის შანსი, რომ რაიმე გამოგივიდეს უფრო დიდია. ჩვენ ბევრი ტურისტი გვსტუმრობს და ამიტომ კოტეჯების ბიზნესი საინტერესოა, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვისაც.

 width=782

-თუმცა საჭიროებასთან ერთად კონკურენციაც იზრდება. რითი გაუწევს Kote.ge სხვა კომპანიებს კონკურენციას და რა ძირითადი ნიშა გამოგარჩევთ სხვებისგან?

-ერთი შეხედვით შესაძლოა, ყველამ იფიქროს, რომ ნებისმიერი სამშენებლო კომპანია, რომელიც ხის სახლებს და კოტეჯებს აშენებს ან აწყობს, ჩვენი კონკურენტია, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ჩვენ სამშენებლო კომპანია არ ვართ, რადგან კონკრეტულ პროდუქტს ვქმნით და ჩვენივე კომპანიაში შეგიძლიათ შეიძინოთ კოტეჯებისთვის შექმნილი სხვადასხვა აქსესუარი. Kote.ge ოქროს შუალედია ხელმისაწვდომობასა და ხარისხს შორის. ჩვენთან კონკურენტუნარიანი ფასებია და ჩვენი სეგმენტი გვყავს. Kote.ge-ს ხიბლი სიმარტივესა და დაბალ ფასებშია.

 width=789

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და წარმოების შემდგომ კოტეჯების ექსპორტზე გატანას თუ გეგმავთ?

-სექტემბრიდან ვვარაუდობთ, რომ უკვე წარმოებას დავიწყებთ. ასევე სამომავლოდ გვსურს, რომ ჩვენი კოტეჯები სხვადასხვა მაღაზიაში გაიყიდოს. დიახ, მოთხოვნაა მეზობელი ქვეყნებიდანაც და შორეულ გეგმაში კოტეჯების ექსპორტზე გატანას მეზობელ ქვეყნებშიც ვგეგმავთ. სამომავლოდ ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოლაპარაკებებს ვასრულებთ, ვინც ამ ყველაფრის დამზადებაში პარტნიორობას გაგვიწევს.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password