ძიება
დამატება

გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ

გეოგრაფები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს საქართველოს განათლების სისტემაში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით ზარალდება გეოგრაფია.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილის ტექსტს:

„ჩვენ, გეოგრაფები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  შეშფოთებულნი ვართ იმ რეფორმებით, რომელიც ბოლო დროს განათლების სისტემაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩვენთან განათლების მესვეურებს რეფორმა, სამწუხაროდ, გამოცდების დანიშვნა და მოხსნა ჰგონიათ. რეალურად, პირიქით უნდა იყოს, ჯერ უნდა იცვლებოდეს სტანდარტი, პროგრამა, სასწავლო გეგმა, ხედვა, მიდგომა, სახელმძღვანელოები, ინერგებოდეს სიახლეები, იზრდებოდეს მასწავლებელთა კვალიფიკაცია და მერე გამოცდით ან თუნდაც შეფასების სხვა სანდრო ინსტრუმენტით ვზომავდეთ შედეგს.

მაშინ, როდესაც, მსოფლიოში სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე ტექნოლოგიებს, გარემოსდაცვითი საკითხების შეტანას საგანმანთლებლო სისტემაში, სამეცნიერო ექსპერიმენტების დანერგვას, გლობალური პრობლემების ანალიზს, შემაშფოთებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენთან სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა  საბუნებისმეტყველო საგნებს. სამწუხაროდ, ასეთივე დამოკიდებულებაა გეოგრაფიისადმი.

მავანს გეოგრაფია ქვეყნების დედაქალაქებისა და ნომენკლატურის დაზეპირება და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები ჰგონია. ამიტომ რამდენიმე სიტყვით გვინდა შეგახსენოთ გეოგრაფიის მნიშვნელობა:

  • გეოგრაფია ერთადერთი საგანია, რომელიც თავის თავში მოიცავს ორ ძირითად: საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მიმართულებას და იკვლევს მათ შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს
  • გეოგრაფია ავითარებს სამყაროს ერთიანობისა და მთლიანობის აღქმის უნარს
  • გეოგრაფია ხელს უწყობს საგნებისა და მოვლენების სივრცე-დროით ხედვას
  • გეოგრაფია ერთადერთი საგანია, რომელიც ასწავლის რუკის კითხვას, ავითარებს გარემოში ორიენტირების და სივრცითი აზროვნების უნარებს
  • გეოგრაფია მშობლიური ქვეყნისა თუ მსოფლიოს გეოგრაფიის შესწავლით, ხელს უწყობს თვალსაწიერის გაფართოებას
  • გეოგრაფია ავითარებს რეგიონული და გლობალური პრობლემების ანალიზის უნარს
  • გეოგრაფიის ცოდნა ხელს უწყობს ბუნებათსარგებლობის და წარმოების დაგეგმვის პროცესებში გარემოზე ორიენტირებული სწორი გადაწყვეტილების მიღებას
  • გეოგრაფია ყველაზე კარგად ემსახურება გარემოს დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარების ჩამოყალიბებას. თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი მიზნის „მდგრადი განვითარების“ მიღწევა წამოუდგენელია გეოგრაფიული ცოდნის გარეშე
  • გეოგრაფიულ კვლევებში დღეს მნიშვნელოვანია ბუნებრივი და საზოგადოებრივი პროცესების პროგნოზი, რომელსაც საფუძვლად უდევს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS), რომლითაც იმართება მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს მაგალითისთვის ბუნების კატასტროფული მოვლენებისა და დემოგრაფიული პროცესების, განსაკუთრებით, მოსახლეობის რაოდენობის კვლევა და პროგნოზირებაც საკმარისი იქნება რომ დავასახელოთ.

ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება…

გეოგრაფია და გეოგრაფები ხელისუფლებას მხოლოდ სტიქიური უბედურების დროს  ახსენდება.  ასე იყო მაგალითად, მდინარე ვერეს სტიქიის დროს (2015), სხვა დროსაც… მაშინ მიმართავენ გეოგრაფიის ინსტიტუტს, გეოგრაფიულ საზოგადოებას, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტ გეოგრაფებს. ითხოვენ კომენტარს, შეფასებას, პროგნოზს, არადა ანალიზისთვის სისტემატური სამეცნიერო მუშაობაა საჭირო.

თვალსა და ხელს შუა იკარგება ისეთი ძლიერი სკოლები, რომლებიც გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით არსებობდა. დანგრეულის აღდგენა კი მერე ძალიან რთულია.

სფერო, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება ჩვენთან, ტურიზმია. ხელისუფლება თავს იწონებს, რომ 7 მილიონამდე ტურისტი შემოდის ქვეყანაში. ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მაღალანაზღაურებად ტურისტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რასაც კარგად მომზადებული სპეციალისტები სჭირდება. ასეთმა სპეციალისტმა კი ენების გარდა, სულ მცირე თავისი ქვეყნის გეოგრაფიაც უნდა იცოდეს. ახალგაზრდებს კი ვეუბნებით, რომ გეოგრაფია არ არის ღირებული საგანი. ამას ვეუბნებით რეფორმით, რომლის მიხედვით, უმაღლესში მისაღები გამოცდებიდან გეოგრაფიის გამოცდა იხსნება, უფრო ზუსტად, ამ გამოცდის არჩევას უმაღლეს სასწავლებელს ანდობს.

ვაცნობიერებთ, რომ გამოცდა მხოლოდ აისბერგის წვერია. ვინ ვინ და გეოგრაფებმა კარგად ვიცით, წვერი აისბერგის თვალისთვის ხილული ნაწილია და ჩვენი განათლების პრობლემებიც გაცილებით ღრმად დევს. ჩვენ კარგად ვიცნობთ დღევანდელ ქართულ  სკოლას და შეგვიძლია ვთქვათ, თუ  სკოლაში მაღალი კვალიფიკაციის და თავისი საგნისადმი სწორი დამოკიდებულების მქონე მასწავლებელი არ არის, გამოცდებს მიღმა დარჩენილი საგნები, ნებით თუ უნებლიეთ, მეორეხარისხოვან საგნებად იქცევა ხოლმე. ასეთი მასწავლებლებით კი, სამწუხაროდ, ყველა სკოლა ვერ დაიკვეხნის.

სფეროს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ იმ ცვლილებებით, რომელიც დაგეგმეს, ებრძვიან რეპეტიტორობის ინსტიტუტს. სინამდვილეში, რეპეტიტორები არსებობენ იმიტომ, რომ სკოლაა სუსტი. სწორედ რეპეტიტორები ავსებენ სკოლის შავ ხვრელებს.

თუმცა, განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები და ფეისბუქგამოკითხვები სხვას ამბობს: ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდხანს ახალგაზრდები ინგლისურში, ქართულსა და მათემატიკაში ემზადებიან. გეოგრაფიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებს ყველაზე ნაკლებად ასახელებენ.

როცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავად ასახელებს ორ სავალდებულო და მესამე ნაწილობრივ არჩევით საგანს, რომელშიც, აბიტურიენტს მწირი არჩევანი აქვს (მხოლოდ მათემატიკა ან ისტორია), ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს ვართმევთ არჩევანის უფლებას. თუ სოციალური გათანაბრებისთვის ვიბრძვით, აბიტურიენტებს უნდა მივცეთ საშუალება, აირჩიონ არა სამინისტროს მიერ დასახელებული სამი, არამედ მათთვის სასურველი საგნები.

ამასთან, გეოგრაფიის, გეოეკოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის  სპეციალისტისთვის, გეოგრაფია, არათუ მესამე სავალდებულო, რატომ არ უნდა იყოს პირველი საგანი?

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, სულ უფრო იზრდებოდა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მეოთხე, არჩევით საგნად გეოგრაფიას ირჩევდნენ. თუ არჩევითი საგნების დამატებისას, პირველ წელს გეოგრაფია 1500-მდე აბიტურიენტმა ჩააბარა, შარშან ეს რიცხვი 13 000-მდე ავიდა. ისევ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დისციპლინაში ყველაზე ნაკლები ახალგაზრდა იჭრებოდა. გეოგრაფიის ქულა კი, როგორც გამოცდების შედეგები გვაჩვენებს, ძალიან მაღალ კორელაციაშია უნარების ქულასთან, ანუ გეოგრაფია არის საგანი, რომელიც ძალიან კარგად ამოწმებს აბიტურიენტის უნარებსა და შესაძლებლობებს.

გვესმის, რომ განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა. ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ სტრატეგიის, ხედვების, რეფორმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დისკუსიაში, მიეძღვნება ეს გეოგრაფიას თუ, ზოგადად, განათლების სისტემას.

ამგვარად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ არჩევანი. დაე, აბიტურიენტმა მისაღებ გამოცდაზე აირჩიოს საგანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს და იცის, ყველაზე მეტად სჭირდება მის მომავალ საქმიანობას.

მიმართვას, რომელიც პარლამენტში და განათლების სამინისტროში შევიდა, ხელს 200-მდე პირი აწერს.

batumelebi.netgazeti.ge

კომპანიის სიახლეები:

 

 

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password