ძიება
დამატება

„იმის გათვალისწინებით რა ბიუჯეტიც გვაქვს, ამერიკულ ბაზარზე ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ“

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში, 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ღვინის ექსპორტი ზრდა რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის, პოლონეთში, ჩინეთში,  გერმანიაში, ესტონეთში და ა.შ.საქსტატის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირიდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 92, 2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. სახელმწიფო ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრად სწორედ აშშ-ის ბაზარს მიიჩნევს .

„კომერსანტი“ დაინტერსდა რას აკეთებს ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკული ბაზრის ასათვისებლად და როგორია მათი ხედვები და გეგმები.  

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ აშშ-ში გაყიდვების დაახლოებით 50 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.მისი  განმარტებით, ზრდა განპირობებულია იმით, რომ ამერიკის ბაზარი ამ ეტაპზე პრიორიტეტულია და მათი  შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკისკენაა მიმართული.

 

„2-3 მარტს პირველად ვიღებთ მონაწილეობას ნიუ-იორკის ღვინის გამოფენაში, გარდა ამისა, გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ტრადიციული ღონისძიებები. მცირე მარნებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ „new york row Los Angeles“ -ის გამოფენაში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს იქ კონტრაქტორი კომპანია, mark energy, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც შოუების, ასევე სხვადასხვა ღონიძიებების მოწყობა, მათ აქვთ ურთიერთობა „wine writer“- თან, იმ ხალხთან ვინც გავლენას ახდენს მომხმარებლის არჩევანზე. პლუს წლის ბოლოს სანფრანცისკოში „georgian wine forum“ გაიმართება. ასევე ტრადიციაა ღვინის ექსპორტიორ-იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჩამოყვანა, მათთვის ქართული ღვინის წარდგენა, ჩვენი მარნების ადგილზე მონახულება და დათვალიერება, თუ სად მზადდება ღვინო და როგორია ჩვენი ვენახები. გარკვეულ წილად ვეხმარებით კერძო სექტორსაც, რომ თავიანთი ღვინით ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარდგნენ, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი სათქმელი თვითონ თქვან“ – აცხადებს ლევან მეხუზლა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა ნელ-ნელა მატულობს, ამ მხრივ  ღვინის ეროვნული სააგენტო წინ მცირე ნაბიჯებით მიიწევს, თუმცა, მყარი ნაბიჯებით. სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეღვინეებს ამერიკულ ბაზარზე შეცდომის დაშვების უფლება ნაკლებად აქვთ და საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

 

 

„შემიძლია გითხრათ, შეინიშნება ის ტენდენცია, რომ საქართველოზე პირველი რაც ახსენდებათ არის ქვეყანა, რომელიც კარგ ღვინოს აწარმოებს და არის ღვინის სამშობლო. ამერიკას როდესაც ვახსენებთ უნდა გვახსოვდეს, რომ ფედერალური სახელმწიფოა და ღვინის დისტრიბუცია იმგავრადაა მოწყობილი, რომ თითოეულ შტატში ცალ-ცალკე გვიწევს მუშაობა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. თუმცა ამ ეტაპზე ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბოსტონში საკმაოდ მაღალია ქართული ღვინის ცნობადობა. ასევე ვცდილობთ ღვინო საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს ან ტარიფი შემცირდეს. ეკონომიკის სამინისტროც მონდომებულია და ჩართულია პროცესში და დიდი იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ. ვიტყვი იმასაც, რომ მეწარმეები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამერიკის ბაზარს, რადგან მნიშვნელოვანი ბაზარია და რაღაც ნიუანსები, რომელსაც ტრადიციული ბაზარი გვპატიობს ამერიკის ბაზარმა შეიძლება არ გვაპატიოს. საუბარია, ხარისხის სტაბილურობაზე, რადგან ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის და წითელი ღვინო თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მაღალი ხარისხის და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს სტაბილური“, – განმარტავს ლევან მეხუზლა.

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, რა თანხა იხარჯება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  ამერიკის ბაზრის ასათვისებლად და არის თუ არა გამოყოფილი ბიუჯეტი საკმარისი ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გვპასუხობს:

 

 

მთლიანი მარკეტინგის ბიუჯეტი არის 9 მლნ ლარი. ახლა კონკრეტულად ვასრულებთ მოლაპარაკებებს ჩვენს კონტრაქტორ კომპანიასთან, საუბარია, წლიურ ბიუჯეტზე 610 000 დოლარზე. პლუს გამოფენების დაფინანსება, რომელშიც აქტიურადაა ასევე ჩართული კერძო სექტორი, მაგალითისთვის გეტყვით რომ 80 000 ლარი დაიხარჯება ნიუ-იორკის ღვინის გამოფენაზე. ამერიკის ბაზარზე, ინდუსტრიის ისეთი სტანდარტი არსებობს, რომ წლიური ბრუნვის დაახლოებით 10 პროცენტს მარკეტინგში აბრუნებენ, ჩვენს შემთხვევაში კონტრიბუცია სტანდარტთან შედარებით უფრო ნაკლებია და 2 პროცენტს შეადგენს. რასაკვირველია ეს სწრაფი ზრდისთვის არ არის საკმარისი მაგრამ, რაც გვაქვს ის გვაქვს, ამ შემთხვევაში ეს ცდება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. უბრალოდ ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად იყოს დახარჯული ყოველი თეთრი ამერიკულ ბაზარზე. იმის გათვალისწინებით რა ბიუჯეტიც გვაქვს ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ“, აცხადებს ლევან მეხუზლა.

 

 

მედიაჰოლდინგი დაინტერსდა იმ კონტრაქტორი კომპანიით, რომელთაც ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს. როგორც ირკვევა, Marq Wine Group-ი უკვე 12 წელია რაც არსებობს და  ღვინის რეგიონებსა და ინდივიდუალურ მეღვინეებს აშშ-ს ბაზრის ათვისებაში ეხმარება.  მათ საქმიანობაში შედის მარკეტინგული ანალიზი, 3-5 წლამდე სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება, ვაჭრობა, დაგეგმვა, ლოგისტიკა. ოფიციალურ ვებგვერდზე Marqwinegroup-ი ქართულ ღვინოს აშშ-ს ბაზრის ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიებს.  საქართველოსთან ეს კომპანია 2015 წლიდან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს ღვინის ექსპორტი ბოლო სამ წელიწადში 54 პროცენტით გაიზარდა.

 

 

კომპანია საბერძნეთში Alpha & kir-yanni Estates-თან თანამშრომლობს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს.  მათი თანამშრომლობის შედეგად რეგიონის ღვინომ  არაერთი გამოხმაურება მიიღო Forbes-ის , Food and Wine-ის, Food Republic-ის და USA Today-ს ფურცლებზე.

 

 

„რამდენიმე წელია ღვინოზე სპეციალიზებულ  ამერიკულ კომპანიასთან ვმუშაობთ, „mark energy“— თან  გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ვაფორმებთ ხელშეკრულებას. კომპანია ჩვენს გარდა მუშაობს საფრანგეთის და იტალიის ერთ-ერთ რეგიონზე. „mark energy“თავის დროზე ჩვენ მოვიძიეთ, მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობა, თუმცა ეს კონკრეტული შეირჩა“, – განმარტავს ლევან მეხუზლა.

ბაჩო ადამია 

Commersant

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password