ძიება
დამატება

როგორ დაიბადა ქილის ღვინის – “მივინო”-ს შექმნის იდეა

სოციალურ ქსელში ქილის ღვინის, „მივინოს“ გამოჩენამ დიდი ყურადღება დაიმსახურა. ზოგიერთისთვის ეს ღვინის შეურაცხყოფაა, სხვისთვის კი უძველესი კულტურის პოპულარიზაციის კიდევ ერთი საშუალება. BM.GE მის შემქმნელებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, საიდან გაჩნდა იდეა, რომელიც 1 წლის განმავლობაში იხვეწებოდა და საბოლოო სახე USAID-ისა და JSC MFO Crystal-ის დახმარებით მიიღო. 

გიორგი მაჭავარიანი და საბა სახვაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებენ იმ დროს, როდესაც ქილის ღვინის შექმნის იდეა გაჩნდა. 

„იდეა-შეგვექმნა ქილის ღვინო, დაგვებადა წვეულებაზე, სადაც გასახსნელის თან არქონის გამო, რამოდენიმე ჩანგლის გატეხვის შემდეგ მივხვდით, რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო ასეთ მოუხერხებელ შეფუთვაში. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ახალი ღვინო, რომელიც იქნებოდა უფრო მსუბუქ, არამსხვრებად, ეკონომიური მოცულობის ტარაში და ამავე დროს იქნებოდა იდეური სიმარტივის მატარებელი, გასცდებოდა ყანწების ჩარჩოებს, შეცვლიდა დამოკიდებულებას ღვინის სმისადმი.“ – აცხადებენ ისინი. 

როგორც ირკვევა, დაფინანსების წყაროს მოძიებაში სტუდენტებს USAID და JSC MFO Crystal დაეხმარა, რის შემდეგაც შეიქმნა არააუცილებლად განსაკუთრებული შემთხვევების, მეგობრებთან ერთად სიამოვნებისთვის დასალევი ღვინო – „მივინო“. 

„ჩვენი უცხოელ პარტნიორი კომპანიის დახმარებით, შემუშავდა უმაღლესი სტანდარტების ქილები ჩვენი ღვინის (საფერავი, რქაწითელი) მისი მჟავიანობისა და ალკოჰოლის გათვალისწინებით, რომელიც სრულად იცავს ღვინის სტრუქტურას ერთ წელზე მეტი ხნით. 

ღვინოს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი ფასეულობის განაცხადი სიმარტივეა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მივინო, არის უმაღლესი ხარისხის ღვინო.“ – განმარტავენ დამფუძნებლები.

მათივე დაპირებით, „მივინო“ უახლოეს მომავალში ქსელურ მარკეტებში განთავსდება და მისი ფასი 5-6 ლარის ფარგლებში იქნება. ამჟამად კი მისი შეძენა მხოლოდ რამოდენიმე ღვინის მაღაზიაშია შესაძლებელი.

 
ავტორი: ლევან თაღიაშვილი
 

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password